Tuesday, March 31, 2009

გოლებისა და ტრავმების დიდოსტატი

აჩი 1973 წლის 22 თებერვალს დაიბადა. ბავშვობიდან უყვარდა ფეხბურთი. მას და მის ძმებს ხშირად ნახავდით ბურთით ხელში...

სამივე ძმა ფეხბურთს გაჰყვა. დღეს ისინი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურები არიან და არცთუ უსამართლოდ, მათი მიღწევები მართლაც რომ საამაყოა...

აჩი და შოთი ფეხბურთს ექვსი წლიდან თამაშობენ. მათი პირველი კლუბი “ავაზა” იყო, სადაც პირველად ეზიარნენ ფეხბურთს ტყუპები. ამაში დიდი წვლილი შეიტანა მათმა აწ უკვე განსვენებულმა მწვრთნელმა, ოთარ გიგოლაშვილმა, რომელმაც უდუდესი გავლენა იქონია პატარა ფეხბურთელების მომავალზე. შემდეგ ვილი გეგუჩაძის მეთვალყურეობით ვარჯიშობდნენ. მეშვიდე კლასიდან კი სწავლა 35-ე სკოლაში განაგრძეს, სადაც მათზე ზრუნვა მწვრთნელმა დათო ჩახავამ განაგრძო. სკოლის დამთავრებისთანავე დინამოში ჩაირიცხნენ.


დღემდე სადავოა, რომელი ტყუპისცალი უფრო ნიჭიერი იყო, აჩი თუ შოთი, თუმცა, იმაზე არავინ დაგიწყებთ დავას, რომ მათგან რომელიმე უნიჭოა. ამის თქმის საშუალებას, უბრალოდ, სტატისტიკა არ მოგცემთ. ციფრები კი ამბობენ, რომ აჩი თურქეთის თასის და სუპერთასის მფლობელი (1995) და ტრაპზონსფორის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერია შოთასთან ერთად, ასევე აღიარებულია საუკეთესო დებიუტანტად ჰოლანდიის ბრედაში (1998) და ბრედას საუკეთესო ფეხბურთელად 1997/98 და 1999/00 წლებში.


თუმცა... თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკაა და არაფერია მის რეალურ მიღწევებთან შედარებით, თანაც გააჩნია, რას ჩათვლით მიღწევად.

ტყუპებმა თამაში საერთაშორისო ასპარეზზე ტრაბზონსპორიდან (თურქეთი) დაიწყეს. არველაძეების გულშემატკივრები ამბობენ, რომ მათ “ჩაიტანეს” საქართველოს სახელი ამ ქვეყანაში. აქ ამ გვარს ნამდვილად კარგად იცნობენ. აჩის თქმით, თურქეთმა პროფესიონალურ გამოცდილებაზე მეტად თავისუფლება ასწავლა, ცხოვრება მშობლების, დამხმარეების გარეშე. თურქეთში გამგზავრებისას ტყუპები 19 წლისანი იყვნენ. სწორედ აქედან დაიწყო მათი კარიერის აღმასვლა.

ტრაბზონსფორში საკმაო მიღწევები ჰქონდათ აჩის და შოთის. ორივე თავდამსხმელი იყო, მაგრამ აჩი ფლანგზეც კარგად თამაშობდა და ფორვარდების უკანაც. მოულოდნელი დარტყმები, თამაშის ჟინი, დრიბლინგი... მას დიდი მომავალი ჰქონდა...


თურქეთის შემდეგ იყო ჰოლანდია და აჩისთვის ყველაზე წარმატებული და აქტიური პერიოდი. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ პერიოდს თვლის თავის კარიერაში ყველაზე წარმატებულად, რადგანაც აქ სამი სეზონი ითამაშა ტრავმების გარეშე.


ტრავმები მთელი ცხოვრება სერიოზული პრობლემა იყო აჩითვის. პირველად სერიოზულად იგი 17 წლის ასაკში დაშავდა. ჯვარედინი იოგების ოპერაცია მაშინ ჩვენს ქვეყანაში არ კეთდებოდა და აჩისაც გერმანიაში მოუწია მკურნალობის დასრულება.


საერთო ჯამში, დღეისთვის აჩის 11 ოპერაცია აქვს გადატანილი, აქედან ექვსი მხოლოდ მარჯვენა მუხლზე. დამეთანხმებით ალბათ, რომ მისი მიღწევები ამ ციფრების კვალობაზე მართლაც რომ შთამბეჭდავია...


ჰოლანდიაში მან მართლაც კარგად ითამაშა და ქვეყნის პირველი დივიზიონის ბომბარდირი გახდა.


მერე კი აჩი ბუნდესლიგურ კიოლნში გადავიდა სათამაშოდ. კიონლის შედეგები შედარებით ნაკლებ შთამბეჭდავია, აქაც ტრავმებმა იჩინეს თავი... პირველი სეზონი კარგად ითამაშა, მუხლის მდგომარეობა სანამ არ დაუმძიმდა. შემდეგ ხრტილი გადაინერგა, მაგრამ საბოლოოდ ისე ვერ გამოჯანმრთელდა, რომ პროფესიონალურ ფეხბურთს დაბრუნებოდა. ამით მისი, როგორც აქტიური ფეხბურთელის კარიერა დასრულდა.


აჩის კარიერაში ყველაფერი იყო: დიდებაც და წარმატებაც საქართველოშიც და ევროპაშიც, მაგრამ მას და მის ძმებს არასოდეს შეუწყვეტიათ კავშირი საკუთარ ქვეყანასთან და ეროვნულ ნაკრებთან და მთელი კარიერის განმავლობაში თამაშობდნენ აქ. თავად აჩიმ ნაკრებში 12 წელი ითამაშა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში არ არსებობს მეორე პრეცედენტი იმის, რომ სამი ძმა ერთდროულად თამაშობდეს გუნდში, ერთ მოედანზე, რაღა თქმა უნდა, გარდა საქრთველოსი და გარდა ძმებ არველაძეებისა...


ახლა კი აჩი 35-ე სკოლის დირექტორია და ფეხბურთელთა ახალი თაობის აღზრდას იწყებს სწორედ იქიდან, საიდანაც თავად იწყებდა. მას უარი არ უთქვამს ჩვენთან საუბარზე. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ დატოვეს არველაძეებმა საქართველო, მან განგვიმარტა, რომ ეს უპერსპექტივობიდან პერსპექტივისკენ გადანაცვლება იყო. მაშინ, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში, საქართველოში ფეხბურთისთვის ნამდვილად არავის ეცალა და ამიტომაც დატოვეს მათ აქაურობა. მათ, სხვა, ქვეყნიდან გასული სპორტსმენების მსგავსად, ჩვენი ქვეყნის სახელი გაიტანეს საზღვარგარეთ და გააცნეს იგი მსოფლიოს.


აჩის, შოთის და რეზის რომ ქვეყანა და ქართული ფეხბურთი არ დავიწყებიათ, ამის დასტური მათი ფონდია, რომელიც 2004 წელს შეიქმნა და დღემდე აქტიურად განაგრძობს ქართული ფეხბურთის აღმავლობისთვის ბრძოლას. ფონდის ოფიციალურ ვებ გვერდზე აჩის ასეთ ციტატას წააწყდებით: ”ქართული ფეხბურთის უზარმაზარი სიყვარული რომ არა, ეს ფონდი არ შეიქმნებოდა. ჩვენი ფონდი თავისებური ტრამპლინი იქნება ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის. საფეხბურთო განათლება და ფილოსოფია – ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელია და ყველანაირად ვეცდებით, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ქართველს დავეხმაროთ.” ეს, ვგონებ, საკმარისი განმარტებაა ფონდის ფუნქციებისა და არველაძეების სიყვარულისა, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებისა და კეთილდღეობისკენაა მიმართული.


ამ დროისთვის ფონდს ხუთი პატარა (10-12 წლის) და სამიც შედარებით დიდი ბავშვი ჰყავს მეთვალყურეობისა და ზრუნვის ქვეშ და ამასთან ერთად, ქართულ ფეხბურთსაც უწევს ნამდვილად საჭირო დახმარებას.


აჩი თვლის, რომ ქართული ფეხბურთის საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც ბევრს ჰგონია და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ისინი კარგად არ იცნობენ მის სპეციფიკას. როცა ქართულ ფეხბურთს ჰყავს კალაძე, ხიზანიშვილი, არველაძეები და კიდევ მრავალი გამორჩეული ფეხბურთელი, მას ნიჭის კი არა, ფინანსური სახსრების დეფიციტი უფრო აქვს. დიდი პრობლემაა შიდა ჩემპიონატების დონე, მთლიანად მოშლილი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით, რეგიონებში...


ჩამონათვალი გრძელია, მაგრამ არც ისეთი, რომ შველა არ შეიძლებოდეს. ახალი თაობა ხომ იზრდება...


დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ აჩის იმისთვის, რომ დაგვითმო დრო და ჩვენი პროექტისთვის სპეციალური ავტოგრაფითაც დაგვასაჩუქრა."


თამარ ხეიძე
...... ...................